English / ქართული / русский /
ლელა მენაბდიშვილივანო შუშტაკაშვილი
ქორწინების თავისებურებები საქართველოში 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით

ანოტაცია. სტატიაში გაანალიზებულია ქორწინების თავისებურებები საქართველოში. მონაცემები აღებულია 2014 წლის საყოველთაო აღწერიდან. ანალიზი გაკეთებულია სქესობრივ-ასაკობრივ ჭრილში და ასევე დასახლებების მიხედვით. 

საკვანძო სიტყვები: ქორწინება, რელიგიური ქორწინება, ქორწინების რეგისრტაცია, ქორწინების ასაკი, ხელახალი ქორწინება.

შესავალი

ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ცხოვრების თანამგზავრის არჩევა წარმოადგენს. ქორწინების საფუძველი კი პარტნიორის მიერ გარკვეული ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღებაა, რაც მნიშვნელოვანწილად კულტურული ნორმებით არის განპირობებული. ამდენად, ქორწინება კულტურული ფენომენია, რომლითაც ხდება პარტნიორთა შორის მეტ-ნაკლებად მუდმივი კავშირის სანქცირება. ეს არის მოვლენა, რომელიც განაპირობებს ადამიანის ცხოვრების წესისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლას.

჻ქორწინება დემოგრაფიული შემთხვევაა და ცალკეული ადამიანისთვის ხდება, დემოგრაფიაში კი მას განიხილავენ დროის გარკვეულ მანძილზე მთელ მოსახლეობაში ან მის ცალკეულ ჯგუფებში მომხდარ შემთხვევათაა ერთობლიობად. ერთგვაროვან შემთხვევათაა თანმიმდევრობა წარმოქმნის დემოგრაფიულ პროცესს. ამიტომ დემოგრაფებისათვის მეტად აქტუალურია ქორწინების მონაცემთა შეგროვება და ანალიზი. 

* * *

საქართველოში ქორწინების სამი ფორმა გამოიყოფა: რეგისტრირებული ქორწინება, საეკლესიო ქორწინება და თანაცხოვრება/არარეგისტრირებული ქორწინება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქორწინება წარმოადგენს სამართლებრივ აქტს, რომელიც თავისთავად გულისხმობს დარეგისტრირებას. ქვეყანაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საეკლესიო ქორწინება/ჯვრისწერა, შეიძლება ითქვას, მოდად იქცა. ჯვარს იწერს მორწმუნე მართლმადიდებელი/ვინც ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა და ის, ვინც მართლმადიდებელია, მაგრამ არ ცხოვრობს ეკლესიურად. ჯვრისწერა სახელმწიფოს მხრიდან არ არის აღიარებული და, შესაბამისად, არ ახდენს მის აღრიცხვას. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ქორწინებასთან, რომელიც არ არის ფორმალურად რეგისტრირებული სამოქალაქო წესით, მაგრამ აღიარებულია საეკლესიო წესით. რაც შეეხება თანაცხოვრებას, მან მეოცე საუკუნიდან იჩინა თავი და სულ უფრო და უფრო გავრცელდა. თანაცხოვრება თავდაპირველად მიჩნეული იყო ქორწინების წინა პერიოდად, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავრცელდა და სხვადასხვა სეგმენტი მოიცვა, თანაცხოვრებისადმი თავდაპირველი მოსაზრება შეიცვალა. ახლა უკვე ითვლება, რომ თანაცხოვრებამ შეცვალა ქორწინება ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ქორწინებასთან, რომელიც საერთოდ არ არის რეგისტრირებული, მაგრამ აღიარებულია საზოგადოების მხრიდან.

ცხრილი 1

ქორწინებები რეგისტრაციის ტიპის მიხედვით (%)

ასაკობრივი ჯგუფები

რეგისტრირებული ქორწინება

რელიგიური ქორწინება

თანაცხოვრება

18–24

76,8

13,0

10,2

25–34

79,6

11,9

8,5

35–44

82,7

7,5

9,8

45–54

92,2

3,3

4,5

55–64

97,3

2,2

0,5

65+

95,5

2,0

2,5

სულ

88,5

5,9

5,6

წყარო:კავკასიის ბარომეტრის კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით წარმოებული გაანგარიშება ბარტ დე ბრუნი და მაკა ჭითანავას მიერ. 

1986 წელს მკვლევარებმა ვენ დე კაამ და ლესტაგემ დანერგეს ტერმინი „მეორე დემოგრაფიული გადასვლა". ბევრ ქვეყანაში მეორე დემოგრაფიული გადასვლა გამოწვეული იყო ქორწინებისა და ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებული სოციალური ქცევის ნორმებსა და ღირებულებებში მომხდარი სიღრმისეული ცვლილებებით. ევროპის მრავალ ქვეყანაში აღნიშნული ცვლილებების შედეგები მოიცავდა: შობადობის სტაბილურად დაბალ დონეს, ქორწინების გარეშე თანაცხოვრების გაჩენას და ქორწინებასა და შობადობას შორის არსებული კავშირის დარღვევას [Van de Kaa, D.I., 2002]. ეს ცვლილებები მიმდინარეობს საქართველოშიც.

15–29 წლის ასაკობრივ ჯგუფში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცები, სულ დაქორწინებული მამაკაცების 13,1%-ს შეადგენენ, ხოლო იმავე ასაკობრივი ჯგუფის ქალები სულ დაქორწინებული ქალების 13,3%–ს. არარეგისტრირებული ქორწინებები სულ უფრო ფართოდაა გავრცელებული მცირე ასაკის ახალგაზრდებში. ამაზე მეტყველებს 15–24 წლის ახალგაზრდებში არარეგისტრირებული ქორწინების საგრძნობლად მაღალი მაჩვენებელი. მამაკაცებში ის შეადგენს 32,2%-ს, ხოლო ქალებში 28,3%-ს. რაც უფრო დაბალია ასაკი, მით მეტია არარეგისტრირებული ქორწინება. 17 წლის დაქორწინებული ახალგაზრდების 60%-ში ქორწინება არ არის რეგისტრირებული, მათგან განსხვავებით, შედარებით შემცირებულია არარეგისტრირებული ქორწინებების წილი 20 წლის ასაკის დაოჯახებულ ახალგაზრდებში და ეს მაჩვენებელი 35,1%-ს შეადგენს.

 ფრიად საინტერესო ტენდენცია შეიმჩნევა ახალგაზრდების არარეგისტრირებული ქორწინების განხილვისას. 17–29 წლის ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდებში, გარდა 17 წლის ახალგაზრდებისა, დაქორწინებულ ახალგაზრდებს შორის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცების პროცენტული წილი აღემატება არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალების პროცენტულ წილს. ხოლო 29 წლის ასაკის ახალგაზრდებში აღნიშნული მაჩვენებელი მამაკაცსა და ქალს შორის თითქმის თანაბარია [ფრენკ ილენსი, 2017; 28].

სოციოლოგთა აზრით, თანამცხოვრებლთა მხოლოდ 10% რჩება ერთად ბოლომდე ქორწინების გარეშე. ასეთი წყვილებისათვის თანაცხოვრება ქორწინების გრძელვადიანი ალტერნატივაა, ანუ ოჯახური ფუნქციების შესრულების ერთ-ერთი გზაა იმ სოციალურ ინსტიტუტებში ჩართვის გარეშე, რასაც ქორწინება აკანონებს [ქ. კალჰუნი, დ. ლაითი, 2007; 388]. თუ სოციოლოგთა მოსაზრებას დავეყრდნობით, იმ ახალგაზრდებიდან, რომლებიც პარტნიორთან ერთად ცხოვრობენ რეგისტრაციის გარეშე საკმაოდ ცოტა დარჩება ერთად ბოლომდე.

2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, 15 და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან ქორწინებაში არასოდეს ყოფილა მამაკაცთა 24,7% და ქალთა 16,5%.  არასოდეს ყოფილა ქორწინებაში 20-დან 24 წლამდე მამაკაცების 74,7% და ქალების 48,5%. წლოვანების მატებასთან ერთად იკლებს იმ ახალგაზრდების რიცხვი ვინც ქორწინებაში არასდროს ყოფილა და 25-დან 29 წლამდე მამაკაცებისთვის ის შეადგენს 44,4%, ხოლო ქალებისთვის 22,5%. 40–44 წლის ასაკის მამაკაცებიდან ქორწინებაში არასოდეს ყოფილა 9,0%, ხოლო ქალებიდან 13,8%.

მონაცემებს თუ განვიხილავთ ასაკის, სქესისა და საქლაქო-სასოფლო დასახლებების მიხედვით, დავინახავთ განსხვავებას: 25–29 წლის ასაკობრივი ჯგუფისათვის საქალაქო დასახლებაში მცხოვრები მამაკაცების 43,65%, ქალების – 25,4% ხოლო, სასოფლო დასახლების მამაკაცთა – 45,7% და ქალთა – 17,4% არასოდეს ყოფილა ქორწინებაში. სასოფლო დასახლებაში მცხოვრები 40 წლამდე მამაკაცებიდან 20% არასოდეს ყოფილა ქორწინებაში. იმ ქალების პროცენტული წილი, ვინც ქორწინებაში არასდროს ყოფილა, უფრო ნაკლებია სასოფლო დასახლებაში საქალაქო დასახლებასთან შედარებით, თანაც სასოფლო დასახლებაში მცხოვრები ქალები 3–4 წლით უფრო ადრე ქორწინდებიან ვიდრე საქალაქო დასახლებაში მცხოვრებნი.

ქორწინების საშუალო ასაკი განსხვავდება სქესისა და დასახლების ტიპის მიხედვით. მამაკაცთა ქორწინების საშუალი ასაკი 4,6 წლით აღემატება ქალისას (მამაკაცთა – 27,5 წელი, ქალთა – 22,9 წელი). თვალშისაცემი განსხვავებაა ზოგადად ქორწინების ასაკსა და რეგისტრირებული ქორწინების ასაკს შორის რეგისტრირებულ ქორწინებებში ქალების ქორწინების საშუალო ასაკი 25,9 წელია, მამაკაცებში კი 29,5 წელი. აამ განსხვავებას განაპირობებს ის, რომ ქორწინების პირობითი საშუალო ასაკი მხოლოდ პირველ ქორწინებას ითვალისწინებს, ხოლო რეგისტრირებული ქორწინებების შემთხვევაში ხელახალი ქორწინებების გათვალისწინებაც ხდება.

განსხვავება შეინიშნება დასახლების ტიპების მიხედვითაც. სასოფლო დასახლებებში ქალთა ქორწინების საშუალო ასაკი ორი წლით ახალგაზრდაა საქალაქო დასახლების ქალთა ასაკზე. მამაკაცების შემთხვევაში კი 0,3 წლით აღემატება საქალაქო დასახლების მამაკაცთა ქორწინების საშუალო ასაკს.

ცხრილი 2

ქორწინებისპ ირობითი საშუალო ასაკიქ ორწინების ტიპის და დასახლებების მიხედვით

 

საქალაქოდასახლება

სასოფლოდასახლება

სულ

სულ ქორწინება

რეგისტრირებული ქორწინება

სულ ქორწინება

რეგისტრირებული ქორწინება

სულ ქორწინება

რეგისტრირებული ქორწინება

მამაკაცი

27,4

29,2

27,7

29,8

27,5

29,5

ქალი

23,6

26,4

21,6

25,0

22,9

25,9

წყარო: საქსტატის მონაცემებზე დაყდნობით წარმოებული გაანგარიშება ბარტ დე ბრუნი და მაკა ჭითანავას მიერ. 

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ქორწინების მინიმალურ ასაკად განსაზღვრულია 18 წელი. ადრეულ ასაკში ქორწინება მიიჩნევა კანონის დარღვევად, ასევე, ბავშვთა უფლებების დარღვევად და მისი დარეგულირება ხდება სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსით. ახალგაზრდების 15–18 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქორწინების ძირითდი თავისებურება მდგომარეობს რეგისტრაციის საკითხში. ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ მათთან არარეგისტრირებული ქორწინებების რიცხვი აღემატება რეგისტრირებულს. 16 წლის ახალგაზრდებში 1,9-ჯერ მეტია არარეგისტრირებული ქორწინებები რეგისტრირებულზე. 17 წლის ახალგაზრდებში კი 1,5-ჯერ. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. არასრულწლოვანის ქორწინების იძულება კი სისხლის სამართლის დანაშაულია. რაც შეეხება 18 წლის ახალგაზრდებს, აქ პირიქითაა, 1,2-ჯერ მეტია რეგისტრირებული ქორწინება არარეგისტრირებულზე. აღწერის მასალებში არ მოიპოვება მონაცემები 15 წლამდე ასაკის პირთა ქორწინების შესახებ. ხშირ შემთხვევაში ადრეული ასაკის პირთა ქორწინების დარეგისტრირება არ წარმოებს, რის გამოც შესაძლებელია, რომ პრობლემა უფრო მწვავე იყოს.

ადრეულ ასაკში ქორწინება გენდერული უთანასწორობის გამოვლინებად არის მიჩნეული, რადგან ის უფრო მეტად აღინიშნება გოგონებში ვაჟებთან შედარებით. ბოლო აღწერით, საქართველოში 15–19 წლის ასაკის დაქორწინებული ქალების პროცენტული წილი ყველა ტიპის ქორწინებაში შეადგენდა 7,1%-ს, ხოლო რეგისტრირებული ქორწინება _ 2,4%-ს. დასახლების ტიპის მიხედვით განსხვავება თვალშისაცემია. საქალაქო დასახლებებში ყველა ტიპის ქორწინება 4,4%, ხოლო რეგისტრირებული ქორწინება 1,5%-ია. მაშინ როცა სასოფლო დასახლებებში ეს მაჩვენებლები შესაბამისად 10,9% და 3,8%-ს შეადგენს. დასახლების მიხედვით 15–17 ასაკის დაქორწინებული ქალების პროცენტული წილი ყველაზე მაღალია ქვემო ქართლში (14,4%), კახეთში (12,4%), გურიაში (10,2%) და აჭარაში (9,4%).

15 წლის ახალგაზრდების დაქორწინების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აღმოჩნდა (2,9%) ქვემო ქართლში და ის 1,4-ით აღემატება ქვეყნის მასშტაბით ამ ასაკის ახალგაზრდებში დაფიქსირებულ მაჩვენებელს. 16 წლის ახალგაზრდებშიც დაქორწინების მაჩვენებელი ყველაზე დიდია ქვემო ქართლსა (5,6%) და კახეთში (4,9%). იგივე ტენდენციაა 17 წლის ახალგაზრდებშიც. მათთან 8,7% ქორწინება დაფიქსირდა ქვემო ქართლში, ხოლო 7,2% კახეთში. 16–17 წლის ახალგაზრდების მოყვანილი მაჩვენებლები საგრძნობლად აღემატება ქვეყნის მასშტაბით მათივე ასაკის ახალგაზრდების შესაბამის მაჩვენებელს. ამგვარი ტენდენცია გამოწვეულია მოცემულ რეგიონებში მუსლიმი მოსახლეობის სიჭარბით. მათი რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე, ადრეულ ასაკში ქორწინება გამართლებულია.

ადრეულ ასაკში ქორწინებას ხელს უწყობს ეთნიკური ადათწესები და ტრადიციები, რელოგიური მრწამსი, განათლების დაბალი დონე, სასოფლო დასახლებებში ცხოვრება. ბავშვთა ქორწინებას საქართველოში არა აქვს განზოგადებული ხასიათი. მას ძირითადად ადგილი აქვს რელიგიურ უმცირესობათა შორის. ადრეული ასკის ქორწინებები განსაკუთრებით მაღლია მუსლიმი აღმსარებლობის მოსახლეობაში (19,6%). ეს მაჩვენებელი 3,6-ჯერ აღემატება მართლმადიდებელი ქრისტიანების, 3,8-ჯერ სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრებს და 5,4-ჯერ კათოლიკებს. მოყვანილი ციფრები ხაზს უსვამს რელიგიის მნიშვნელოვან გავლენას ადრეულ ქორწინებაზე.

იმავე მონაცემებს თუ განვიხილავთ ეთნიკურ ჭრილში, დავინახავთ, რომ 15–17 წლის ასაკის ქორწინებაში მყოფი ქალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის აზერბაიჯანელ მოსახლეობაში (27,4%), შემდეგ მოდიან რუსები (12,3%) და იეზიდები (9,9%).

ზოგადად, განქორწინების ზრდა და ქვრივობა ხელახალი ქორწინების წინაპირობაა. თუმცა ხელახალი ქორწინების რაოდენობის ზრდა უშუალო კავშირშია განქორწინების რიცხვის ზრდასთან. საქართველოში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა განქორწინების რიცხვი, რაც მნიშვნელოვნად შეინიშნება ახალგაზრდებში. განქორწინების ზრდის პარალელურად იზრდება ხელახალი ქორწინებების რიცხვი. ხელახალმა ქორწინებამ 2014 წელს შეადგინა მთელი ქორწინების 10,1% მამაკაცებში, ხოლო 8,6% ქალებში. 2015 წელს ეს მაჩვენებლები გაიზარდა და მამაკაცებში გახდა 11,7%, ხოლო ქალებში – 9,9%.

ცხრილი 3

ქორწინების განაწილება სქესის, ასაკის და რიგითობის მიხედვით (%)

ასაკი

ყველაქორწინება

პირველიქორწინება

ხელახალიქორწინება

მამაკაცი

ქალი

მამაკაცი

ქალი

მამაკაცი

ქალი

16 – 19

2,5

12,6

2,7

14,0

0,0

0,4

20 – 24

24,7

32,3

27,2

35,1

3,3

7,1

25 –29

26,3

21,9

28,1

22,6

10,8

15,3

30 – 34

17,3

13,3

17,4

13,0

17,2

18,1

35 – 39

11,2

7,9

10,7

7,3

15,8

15,7

40 – 44

6,8

4,7

6,0

3,7

14,4

15,2

45 – 49

4,1

2,7

3,2

1,9

11,9

10,8

50 – 54

2,8

1,8

1,8

1,1

11,0

8,2

55 – 59

1,4

1,0

0,8

0,1

6,6

4,8

60 +

1,9

0,8

1,0

0,05

8,7

4,2

უცნობი

1,0

1,0

1,1

0,15

0,3

0,2

წყარო: საქართველოს დემოგრაფიული წელიწდეული, 2015 წელი. 

ხელახალი ქორწინებების რიცხვი განსაკუთრებით მაღლია 16–44 წლის ასაკობრივ ჯგუფში. ის მამაკაცთა ხელახალი ქორწინების 61,4%-ს შეადგენს, ხოლო ქალთა 71,8%-ს. თუ 2014 წელს ქორწინების კოეფიციენტი 1000 კაცზე შეადგენდა 8,5, მომდევნო წლებში მოხდა მისი კლება (2015 წელი – 7,8, ხოლო 2016 წელი – 6,7), ხელახალი ქორწინებების შემთხვევაში პირიქითაა, აქ ზრდაა. 2015 წელს 16–44 წლის ასაკობრივ ჯგუფში ხელახლა დაქორწინდა მამაკაცთა 63,5% და ქალთა 72,5%. 

დასკვნა

2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით საქართველოში ქორწინება ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით:

● ქორწინების სამი ფორმიდან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს რეგისტრირებულ ქორწინებას, თუმცა მოხდა არარეგისტრირებული ქორწინების რიცხვის ზრდა და ეს უკანასკნელი მხოლოდ 0,3%-ით ჩამორჩება რელიგიურ ქორწინებას.

● თანაცხოვრების/არარეგისტრირებული ქორწინების რიცხვი განსაკუთრებით მაღლია 18–24 წლის ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდებში.

● ზოგადად ქორწინების ასაკსა და რეგისტრირებული ქორწინების ასაკს შორის სხვაობაა, რომელიც აიხსნება იმით, რომ პირველ შემთხვევაში ქორწინების საშუალო ასაკი მხოლოდ პირველი ქორწინებით გამოითვლება, ხოლო მეორე შემთხვევაში ყველა ქორწინებით.

● ქორწინების საშუალო ასაკი განსხვავდება დასახლების ტიპის მიხედვით. საქალაქო დასახლებაში მცხოვრები ქალები უფრო გვიან ქორწინდებიან, ვიდრე სასოფლო დასახლებაში მცხოვრებნი, მამაკაცების შემთხვევაში კი პირიქითაა.

● ბავშვთა ადრეულ ქორწინებას საქართველოში არ აქვს განზოგადებული ხასიათი. ამგვარი ქორწინების ხელის შემწყობი ფაქტორებია: ეთნიკური ადათწესები და ტრადიციები, რელიგიური მრწამსი, სასოფლო დასახლებაში ცხოვრება. საქართველოში ადრეული ქორწინებების მნიშვნელოვანი წილი მოდის ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებში (აზერბაიჯანელ მუსლიმებში).

● ბოლო პერიოდში სულ უფრო იზრდება ხელახალი ქორწინებების რიცხვი. ამ უკანასკნელის ზრდა ძირითადად ხდება განქორწინების ხარჯზე და მისი მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია 40 წლადე ასაკობრივ ჯგუფში. 

გამოყენებული ლიტერატურა

1.  გაეროს მოსახლეობის ფონდი, 2014.

2.  ქ. კალჰუნი, დ. ლაითი, 2007. სოციოლოგია. თბილისი.

3. ფრენკ ილენსი, 2017. ახალგაზრდები საქართველოში, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა. თბილისი.

4.  გ. წულაძე, 2016. საქართველოს დემოგრაფიული წელიწდეული 2015. თბილისი.

5.  რალფ ჰაკერტი, ნანა სუმბაძე, 2017. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების ანალიზი გენდერულ ჭრილში. თბილისი.

6.  Van de Kaa, D.I. The Idea of a Second Demographic Transition in Industrialized Countries. Paper presented at the Sixth Welfare Policy Seminar of the National Institute of Population and Social Security, Tokyo, Japan, 29 January 2002.